top of page
Search

ქუთაისი მწვავე ეპიდემიის ფონზე

საბედნიეროდ ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა და იმედია ასეც შენარჩუნდება. ზოგადი ფონი კი ბუნებრივია ქალაქზე პირველივე დღეებიდანვე აისახა. მოსახლეობა მეტწილად ითვალისწინებს რეკომენდაციებს და მათი დიდი ნაწილი სახლში რჩება. გარეთ გასული ადამიანები ძირითადად საჭიროებებიდან გამომდინარე ან სპეციფიური სამსახურის მქონენი არიან. არსებობს პანიკა, გაურკვევლობა და ეს კარგად შეიმჩნეოდა განსაკუთრებით გუშინ სრულად გაუგებარი და არამკაფიო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სუპერმარკეტებთან გარე რიგში მდგომი ხალხისაგან. გადაადგილების მხრივ პრობლემები შექმნა სატრანსპორტო საშუალების შეზღუდვამ, რადგან პიკური საათების დროს ავტობუსებში ბევრი ადამიანი იყრის თავს და უმჯობესი იქნება თვითმმართველობამ პიკური საათების დროს ყველაზე დატვირთვად ხაზებზე ავტობუსები დაამატოს, ამის შესახებ რეკომენდაცია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არაერთხელ იქნა შეთავაზებული. მოხალისეთა ჯგუფები არსებობს, რომლებიც ძირითადად მარტოხელა მოხუცების მომარაგებით არიან დაკავებულნი. პოზიტიურ ნაწილში აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სუპერმაკეტების მიერ გამოყოფილ იქნა პროდუქტები, რომელიც თავს იყრის ქუთაისის სპორტის სასახლეში, კოორდინაციას თვითმმართველობა სწევს და მოხალისეების მიერ ურიგდებათ დაახლოებით 800 მდე ხანდაზმულ ბენეფიციარს.

თუმცა გაზრილი ფასები და უმუშევრად დარჩენილი ადამაინები რა თქმა უნდა უმთავრეს პრობლემად რჩება, პანიკას და გაურკვებლობას მოსახლეობაში მეტწილად სწორედ ეს იწვევს თუ რა ბედი გველოდება ხვალ. მითუმეტეს რომ ქუთაისი ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საშუალო დონეზეც კი არასოდეს ყოფილა. დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გასული, ადგილზე დასაქმებულთა ნაწილი კი ძირითადად მცირე სავაჭრო, კვების, საოჯახო სასტუმროების და ტურისტული ბიზნესით ირჩენს თავს. ამ ფონზე კი ყველაზე დიდ გასაჭირში სწორედ თვით დასაქმებულები, ყოველდღიური შემოსავლზე დამოკიდებული ადამიანები ჩავარდნენ. ამიტომაც საჭიროა სახელმწიფომ მოახდინოს უპრეცედენტო სახის სოციალური სოლიდარობის აქტის განხორციელება, რასაც ახორციელებს ზოგადად ევროპაც და ამერიკაც.

ცენტრალური ხელისუფლებასთან ერთად დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას. ხელისუფლებამ მოკლე ვადაში აუცილებლად უნდა წარადგინოს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა და არა ბუტაფორიული ციფრებით მანიპულირება. როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან, სრულად აკუმულირებულ უნდა იქნას შედარებით არაპრიორიტეტული პროექტების, ღონისძიებების ხარჯები, მათ შორის ნაკლებ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების, კულტურული, სპორტული, ღონისძიებების ხარჯები, ადამინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები მაქსიმალურად უნდა იქნას შეკვეცილი, არავითარი პრემია- დანამატი. დამატებით აუცილებელია სპეციალური ფონდის შექმნაც. ამის შემდეგ პირველ რიგში დაწესებულ უნდა იქნას ზღვრული ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, განისაზღრულ იქნას ფულადი კომპენსაცია მინიმუმ იმ ადამიანებზე, რომელებმაც დაკაგრეს სამუშაო და შეუჩერდათ ყოველდღური სამუშოს შედეგად მისაღები ანაზღაურება, კომუნალურ გადასახადებზე დაწესდეს 3 თვიანი შეღავათი. ასევე უმნიშვნელოვანესია ისედაც არასახარბიელო პირობებში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის სრული საგადასაახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლება იქამდე სანამ არ მოიხსნება პანდემიური საფრთხე. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია ქუთაისის და ზოგადად საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, შექმნილი სიტუაცია არ არის მორიგი ეკონომიკური კრიზისი, საუბარია გლობალურ პრობლემაზე, დროებით სრულ უძრაობაზე, ადამიანების ფიზიკურად გადარჩენაზე, გარკვეული კატეგორია მოსახლეობისა შეიძლება პირდაპირი გაგებით ულუკმაპუროდ დარჩეს. თუმცა ყველა ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურ, პრაგმატულ პოსტკრიზისულ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად შეძლებს კრიზისის დაძლევას.



ავტორი: ირაკლი კიკვიძე





76 views0 comments

コメント


bottom of page