ქუთაისი, მერების ხშირი ცვლის სტატისტიკით საქართველოში რეკორდსმენი ქალაქია. ბოლო წერტილი კი, აწ უკვე საყოველთაო იუმორის საგნად ქცეული სტატისტიკის, დღეს გადამდგარი მერი გიორგი ჭიღვარიაა. არსებული სისტემა არ სცნობს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, კომპეტენციის მიხედვით პასუხისმგებლიანი კადრის შერჩევას, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. სისტემა სცნობს მსგავს თანამდებობებზე მმართველ პარტიაში დროებით აღზევებული კლანის კადრის გამწესებას და მის ანგარიშვალდებულებას არა ქალაქისადმი და მისი მაცხოვრებლების წინაშე, არამედ მისი აღმზევებლისადმი. შესაბამისად, მერების ბედიც დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როგორ აღიქვამს კონკრეტული ქალაქის მაცხოვრებლები მერის საქმიანობას, არამედ იმაზე თუ რა შედეგს დადებს ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ სხვადასხვა სახის არჩევნებზე და რამდენად იქნება მისი მფარველი კლანი სხვადასხვა დაკვეთების შემსრულებელი პარტიის მმართველისათვის. ჭიღვარიაც სწორედ, გარკვეულ პერიოდში ქართული ოცნებაში აღზევებული კლანის ხელდასმულია, რომელიც მმართველი პარტიის მიერ, რეალურად გადაყენებულ იქნა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც მმართველმა პარტიამ ქუთაისში პრაქტიკულად ორივე ტური წაააგო (მეორე ტური მხოლოდ საეჭვოდ გაბათილებული ბიულეტინების ხარჯზე მოიგო) და ახლა ოფიციალურად გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აკლდა ქალაქში ჩაგდებული, გაჭიანურებული პროექტები, ქაოსური მმართველობა, პოლიტიკური კორუფცია და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა, გადამწყვეტი სწორედ არჩევნები და სხვადასხვა ფაქტორების გამო მისი კლანის გავლენების შესუსტება აღმოჩნდა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლებისათვის რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის სრულ მორჩილებაშია, არც მორალური და არც პოლიტიკური პრინციპები არ არსებობს. გლობალური ეპიდემიის გამო საერთო საზოგადოებრივი შეზღუდვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, მათთვის თავისუფლად მოქმედების და შავი საქმეების დალაგებისათვის საუკეთესო დრო აღმოჩნდა. მთავრობა 22 პროექტს საჯარო განხილვების გარეშე განახორციელებს, რომლებშიც ივანიშვილის და მისი კლანის ინტერესებია, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო კი მათი შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ხელისუფლებამ პირდაპირი გაგებთ დრო იხელთა. ეს დრო, მათთვის კარგი საშუალება აღმოჩნდა ასევე შიდა პარტიული, კლანური ინტერესების დასალაგებლად. ამის გამოძახილია ბოლოდროინდელი მერების გადაყენების კამპანიაც, მათ შორის ქუთაისის მერის, რომელიც უკვე მეოთხე იძულებით გადაყენებული მერია ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ამომრჩეველამდე კი ამით სულ სხვა მესიჯის მიტანა აქვთ გამიზნული, რაც დაანონსდა კიდეც უკვე ერთი თვის წინ, თითქოსდა ოცნება უავტორიტეტო და არაკომპეტენტურ მერებს, საზოგადოების დაკვეთის ვერ შესრულების გამო პასუხს მოსთხოვდა და მათ შემდგომში კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი კადრებით ჩაანაცვლებდა. ამ კარგად ნაცადი ფანდით, ხელისუფლება ისევ ცდილობს ჯოხი გადატეხოს მეათეხარისხოვან შემსრულებლებზე და გამოვიდეს იმ მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელშიც უკვე მრავალი წელია იმყოფება, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ჯერი საზოგადოებაზეა, თუ ჩვენ არ დავამარცხეთ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი, ვერ დავამარცხებთ ერთპარტიულ მმართველობას, თუ ვერ დავამრცხებთ ერთპარტიულ მმართველობას ვერ მივაღწევთ რეალურ თვითმმართველობას და კვლავ გვექნება პარტიულ კლანურ მმართველობაზე აგებული უპასუხიმსგებლო თვითთმართველობა, სადაც განმეორდება კვლავ იგივე და მუნიცპალიტეტების ბედს გადაწყვეტს არა ხალხი, არამედ ისევ კლანები და ამ კლანებით მოთამაშე ავტორიტარი. ამიტომ მრავლამხრივ მნიშნელოვანია არსებული სისტემის შეცვლა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში თვიმმართველობაზე დიდად არის დამოკიდებული თვითმმართველი ქალაქების ცხოვრება და განვითარება.
ავტორი: ირაკლი კიკვიძე
Comments