top of page
Search
Writer's pictureსმარტ თაობა

რუსთავი მიუსაფარი ცხოველების ფონზე

4 აპრილი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ, რასისტებმა მოკლეს მარტინ ლუთერ კინგი, ბილ გეითსმა და პოლ ალენმა დააფუძნეს „Microsoft”-ი, კალენდარზე ასევე მონიშნულია მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეც.

ამ უკანასკნელს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. ტენდენცია აქტიურად დამკვიდრდა საქართველოს ქალაქებშიც, ესენია : თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და ბათუმი. სამწუხაროდ ამ ჩამონათვალში რუსთავი არ შედის. სხვადასხვა ორგანიზაციები მოხალისე აქტივისტებთან ერთად კვებავენ ეზოს მეგობრებს, მოფერებითა და ალერსით ზრუნავენ მათზე. ცხოველთა დამცველები იკრიბებიან ქუჩებში (გამგეობების, მერიებისა და საკრებულობის წინ), სადაც მოითხოვენ რეგულაციების სისრულეში მოყვანას - ცხოველთა დაცვის კუთხით და კანონის გამკაცრებას - მათი ჩაგვრის შემთხვევაში. აქტივისტები აწყობენ უპატრონო ცხოველების (ძირითადად ძაღლებისა და კატების) ფოტო გამოფენას, საკუთარი სახსრებით ნაყიდ საკვებს, მედიკამენტებსა და სხვა ტიპის საჭირო ნივთებს უსასყიდლოდ არიგებენ საყვარელი არსებების დასახმარებლად.

რუსთავში მშიერ და დაავადებულ ცხოველს იშვიათად არ შეხვდებით. 2019 წლის მაისში ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა თავშესაფრის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ყველა საჭირო მოწყობილებითა თუ სისტემით, პროექტი კი დაფინანსდებოდა ქალაქის ბიუჯეტიდან. დღეს კი, მოქალაქეები ვერ იხსენებენ რუსთავში მსგავსი დაწესებულების არსებობას. მათ აწუხებთ ქუჩებში მიმოფანტული უპატრონო ცხოველები, რომელთა დახმარებასაც ვეღარ აუდიან უსახსრობისა თუ სურვილის მქონე ადამიანების სიმცირის გამო!

საუბედუროდ, მოსახლეობა უპატრონო ცხოველების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. ქვეყნის მასშტაბით ამის ამსახველი მასალები მრავლად მოიპოვება. ერთ ნაწილს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მშიერი არსებისგან თავდაცვის ინსტინქტი მოუწოდებს. სინამდვილეში, მას შეუძლია ცხოველის ნდობა დაყვავებით მოიპოვოს, დააპუროს იგი და ამ გზით საუკეთესო მეგობარი შეიძინოს. მეორე ნაწილს კი, რაც არ უნდა შემაშფოთებელი იყოს, სიამოვნებს მათი წვალება. განა წვალებაზე მეტად, ათმაგად სასიამოვნო არ არის მათი მადლიერებით აღსავსე თვალებში ყურება?

ერთადერთი გონივრული გზა უსახლკარო ცხოველების „მოსათვინიერებლად“ არის მათთვის წვეთი სითბოსა და სიყვარულის ჩვენება!

სმარტ თაობა სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს, ვუერთდებით მათ მოთხოვნებსა და მოგიწოდებთ გამოკვებოთ თქვენი ეზოს მეგობრები!




ავტორი: მარიამ ოსაძე

10 views0 comments

Comments


bottom of page