კორონა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ასზე მეტ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მათ შორის გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. საქართველოს მოსახლეობა არაერთი აკრძალვისა და რეგულაციის წინაშე დადგა, მათ შორის კი ზოგიერთი ძალიან მძიმედ გადასატანი, სიცოცხლისთვის რისკის შემცველიც კი აღმოჩნდა.
ქვეყანაში 21:00-დან 06:00-მდე გამოცხადებულია კომენდანტის საათი, აიკრძალა არაერთი ეკონომიკური საქმიანობა. ხელისუფლება მოსახლეობისთვის მხოლოდ 3 თვის კომუნალური ხარჯების დაფარვით შემოიფარგლა, ისიც მხოლოდ მათ, ვინც 200 კუბურმეტრზე ნაკლები გაზი და 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა დაიკეტა ბაზრები, რამაც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვა 50 000-მდე მოვაჭრე. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აეკრძალათ თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტს, საკვები პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებისა და სააფთიაქო ქსელების გარდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი შემოსავლის გარეშე დატოვა 100 000-ზე მეტი ადამიანი და საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაიმეტა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.
ბოლო პერიოდში, არაერთმა ორგანიზაციამ და სამოქალაქო აქტივისტმა გამოიჩინა მაღალი სამოქალაო პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო პროცესებში. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა მათი აქტიურობა მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფს სწვდება და ათიათასობით ოჯახი დღემდე დახმარების მოლოდინშია.
რა არის გამოსავალი და რა ელის ქვეყნის მოსახლეობას?
ამ კითხვაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი პასუხი აქვს, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ საგანგებო მდგომარეობის ამ ფორმით გაგრძელება, ნიშნავს მოსახლეობის შემოსავლის გარეშე დატოვებას და შიმშილისთვის გაწირვას. გამოსავლის ძიებაში კი ქართული პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად ორ რადიკალურ ნაწილად გაიყო, ერთნი საშიმშილოდ განწირული მოსახლეობის საშველად საგანგებო მდგომაროების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ, მეორენი კი ეპიდემიის მოსალოდნელი აფეთქების შესაკავებლად აღნიშნულ მკაცრ რეგულაციებს გამართლებულად მიიჩნევს. თუმცა მსოფლიოში არავის და მათ შორის არც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს არ დაუთვლიათ, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას საფრთხე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებითა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით, ან რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ შიმშილის პირისპირ. სწორედ იმის, გამო რომ ამ ორი დილემიდან არცერთის შემთხვევაში არ არსებობს რიცხვებით გაზომილი მოსალოდნელი შედეგი, მოიძებნება ისეთი შუალედი, რომელსაც უკვე მიმართა როგორც არაერთმა ეკონომიკურად ძლიერმა, ისე სუსტმა სახელმწიფომ და რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნებას ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ სხვადასხვა სახის კომპენსაციების გაცემას შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისათვის.
აშშ, ჰონკონგი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუსეთი, ესტონეთი, ლატვია, ყაზახეთი, ალბანეთი, კოსოვო, სომხეთი და სხვა. ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ეპიდემიისაგან გამოწვეული რისკების ასაცილებლად სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას უწევს მოსახლეობას.
მოიძებნება თუ არა საქართველოში ფულადი კომპენსაციის სახსრები? - აღმოჩნდა რომ დიახ, ეს შესაძლებელია. ხელისუფლებამ მოახდინა 2 მლრდ ლარის ოდენობით თანხის აკუმულირება, თუმცა მისი დახარჯვის გეგმა და მიზნობრიობა დღემდე ბუნდოვანია. ამ შესაძლებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიც, მათ შორის არის ლეიბორისტული პარტია, რომელმაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარის მოძიების გეგმა წარმოადგინა და რომელიც სხვა განვითარებული, თუ განვითარებადი ქვეყნის ხელისუფლებების მსგავსად მოსახლეობაზე ფულადი დახმარების გაცემას ითხოვს. კამპანია 1000 ლარი ყველა ოჯახს სულ უფრო რეალურად განხორციელებადი და სასიცოცხლოს საჭირო ხდება.
უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და გაგრძელების შემთხვევაში გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ხალხისათვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმებს.
ავტორი: მამუკა ჯუღელი
Comentarios