კორონა ვირუსის მასობრივად გავრცელების შემდეგ, საქართველოში ახალგაზრდული თაობის წარმომადგენლებიდან არაერთმა გამოთქვა ქველმოქმედების სურვილი, დახმარებოდა თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ყოველდღიური გასაჭირის შესამსუბუქებლად, მათ შორისაა ჩემი დღევანდელი სტატიის გმირი, ქალაქ წნორში მცხოვრები ნოე ძამიაშვილი. ნოე ყოველდღიურად ცდილობს დაეხმაროს სრულიად უანგაროდ წნორში მცხოვრებ მოხუცებს, შშმ პირებს და ყველა სხვა მაღალ რისკ ჯგუფში მყოფთ, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და საშუალება მოიმარაგონ პროდუქტი ან ვირუსისგან თავის დასაცავი საშუალებები. ნოემ ქველმოქმედება მას შემდეგ დაიწყო რაც 2020 წლის 20 მარტს დაიხურა მისი სამსახური ვირუსის გავრცელების გამო (გაურკვეველი ვადით). მან გადაწყვიტა, რომ თავისუფალი დრო უფრო პროდუქტიულად გამოეყენებინა და დახმარებოდა მოსახლეობას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ პერიოდში. ნოეს მიერ გაწული ქველმოქმედება სრულიად უანგაროა. პირბადეებს, სადენზიფექციო ხსნარებსა და სხვა საჭირო პროდუქტს ყოველთვის საკუთარი ხარჯებით ყიდულობს და თვითონვე ურიგებს ხალხს თავისი მოპედით და, რაც მთავარი ის არასდროს არ ითხოვს ხალხისგან ფულად დახმარებას. ყოველთვის, როდესაც მას სთავაზობენ ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას, იგი პასუხობს: "თუ ვინმეს დახმარება უნდა, იყიდეთ პროდუქტი და ერთად მივიდეთ ხალხთან". ნოე 28-წლის ახალგაზრდაა, მას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვე. ის არის სამშენებლო კომპანიის მენეჯერი, მუშაობს კრედო ბანკში, ასევე თავისი სოფლის, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოს კონსული და ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. პოლიტიკური აქტიურობითა და პროცესებში მაღალი სამოქალაქო ჩართულობით არაერთხელ დაუმახსოვრებია თავი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
ნოესთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელსაც თავად ბენეფიციარებზე მეტად აბედნიერებს სიკეთის კეთება. ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს და როგორც ყველა ქმედება, ორ მხარეს საჭიროებს. სუბიექტს - ვინც მოქმედებს და ობიექტს - ვისთვისაც ეს ქმედება ხორციელდება. სწორედ ამიტომ, ნოე სოფელ წნორის, და არა მხოლოდ, სამაგალითო ახალგაზრდად იქცა, ყოველდღიურად მისი დახმარების იმედი ასობით ადგილობრივ მცხოვრებს აქვს, ნოეც მათ იმედებს არ უცრუებს და პირნათლად, უანგაროდ ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ამ უმნიშვნელოვანეს და კეთილ საქმეს!
ავტორი: ანუკი ნინოშვილი
Comments