top of page
Search

რუსთავი - ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით N1 ქალაქი ევროპაში

Updated: Apr 1, 2020

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს პროცესი არც ახალია და არც დროებითი. ჰაერი ყოველ დღე ბინძურდება ქარხნების, ქიმიური ცდებისა და თუ მანქანის გამონაბოლქვით. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული გამონაბოლქვები არღვევს ოზონის თხელ ფენას, რომელიც ატმოსფეროს მზის სხივების დარტყმისაგან იცავს და დედამიწაზე ტემპერატურის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ინდუსტრიულ ქალაქ რუსთავსაც არაერთხელ მიუქცევია ეკოაქტივისტებისა და მეცნიერების ყურადღება, თავისსავე ფაბრიკა-ქარხნის გამონაბოლქვის მიერ დაბინძურებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერით. სამწუხაროდ, არც ისე მცირეა იმ ექსპერიმენტების რაოდენობა, რომელთა შედეგებიც უტყუარად ადასტურებენ ჰაერში სიცოცხლისთვის მავნე ნივთიერებების ჭარბად არსებობას. ქუჩებში თითქმის ყოველ მეორე შენობაზე შეხვდებით სხვადასხვა პარტიებისა თუ აქტივისტების საპროტესტო წარწერებს. რუსთავში სამოქალაქო პროტესტი რომ მძვინვარებს არ უარყოფს მერიაც, თუმცა აცხადებენ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად თანხები გათვალისწინებული არ აქვთ. აღსანიშნავია ასევე ის გულდასაწყვეტი ფაქტიც, რომ გარემოს ისეთი მასშტაბური კვლევების თანახმად, როგორსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ შერჩეული კომპეტენტური (გარემოს დაცვის სფეროში) მეცნიერები აწარმოებენ, რუსთავი პირველ ადგილს იკავებს, როგორც ჰაერის, ისე გარემოს დაბინძურების უსაშველოდ მაღალი მაჩვენებლის „დამსახურებით“. სასაცილოა, ამ ყველაფრის შემდეგ მთავრობის განცხადება, რომ იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც გარემოსა და ჰაერის დაბინძურებაა და რაც პირველ რიგში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება, ბიუჯეტში თანხა არ არის გაწერილი.

საზოგადოებაში არსებობს ლოგიკური მოსაზრება ჰაერის დაბინძურებაში მხილებული დამნაშავეების შესახებ, რაც მდგომარეობს შემდეგში: მათ დაეკისროთ ჯარიმა, რადგან ისინი არიან დამნაშავეები არამარტო გარემოს, არამედ მსოფლიოს წინაშე. სამინისტროს ამოცანაა იზრუნოს გარემოს დაცვაზე და მაქსიმალურად შეამციროს მაჩვენებელი იმ საფრთხისა, რაც ემუქრება კაცობრიობას. რა თქმა უნდა, რუსთავი ამ პრობლემით ერთადერთი ქალაქი არ არის. პრობლემის გადაჭრის მეორე, გონივრულ გზას ვხედავ მსგავსი თემატიკით შეწუხებული ქალაქების ერთმანეთის გვერდით დგომაში, რაშიც იგულისხმება ერთმანეთისთვის პირადი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - პრობლემის გადაჭრისა და აცილების ხერხებთან ადკავშირებით. ადგილობრივ თვითმმართველობას კი მოსახლეობა გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. რადგან არ არსებობს ხსენებულ საკითხზე არც მნიშვნელოვანი და არც მასზე უფრო რთულად გადასაჭრელი რამ, ქალაქის დღის წესრიგში. მანამდე კი, ალბათ, წარწერას „გავიგუდეთ!“ უკვე ყველა უბანში შევხვდებით, პროტესტი არ შეწყდება, რუსთავი დანებებას არ აპირებს!



35 views0 comments

Comments


bottom of page