top of page
Search

რუსთავი - მწვავე ეპიდემიის ფონზე

მსოფლიოში გამოცხადებული კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს რუსთავის მოსახლეობაც ემორჩილება. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს - უსაფრთხოების ნორმების შესახებ და ხალხს სახლში დარჩენას მოუწოდებს. დამატებითი მკაცრი ზომების მიღება კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლამ განაპირობა. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქში დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ასევე შეწყვიტეს მუშაობა რუსთავის ისეთმა პრესტიჟულმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა რუსთავის ავტობაზრობა „AUTOPAPA“-ს რესტორანი "უკრაინკა", ხოლო რესტორანი "ვალჰალა" კი გადავიდა მიტანის სერვისზე. შეწყვიტა მუშაობა თეატრმაც და კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიტანა. სკოლები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, რისთვისაც კომპანია Microsoft-ის პროგრამას - “Teams”-ს იყენებენ. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რაც დაკავშირებულია სიახლის აუთვისებლობასთან.

რუსთავის მერის ინიციატივით, რომელიც საქართველოში ვირუსით დაავადებულთა შემთხვევების აღმოჩენის პირველივე კვირაში გამოაცხადა, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი Stopper-ები, რომელშიც უკვე გაწევრიანებულია 200-მდე მოხალისე და რომლებიც მოემსახურებიან: მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებთან ერთად, მარტოხელა დედებსა და ობოლ ბავშვებს, სურსათისა და აუცილებელი მოხმარების საგნების მომარაგებით. არსებობს მერიის ცხელი ხაზი (ტ. 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05), სადაც რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს და არა მარტო, შეუძლიათ დარეკვა და მთავრობის ინფორმირება სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, რათა შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მასშტაბით, კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა შორის რუსთავის მოქალაქეები არ არიან. ქალაქში 18 მარტიდან აიკრძალა მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. რუსთაველებს ქალაქში გადაადგილებისთვის მხოლოდ მუნიციპალური, ანუ M3 კატეგორიის ავტობუსებით მოემსახურებიან. 20 მარტს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა სხდომა, სადაც დეპუტატებმა გადაწყვიტეს (მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე), რომ დაკისრებული მოვალეობისგან ორი თვით გათავისუფლდნენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მქონე კომპანიები, თუმცა გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, საკრებულოს - მგზავრთათვის ჯერაც არ შეუთავაზებია. ამ ამბავს, სხვა შემთხვევაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვებოდა, რადგან რუსთავის მოსახლეობის 50%-ზე მეტს სამსახური თბილისში აქვს, გარდა ამისა უამრავი სტუდენტი რუსთავიდან თბილისში გადასაადგილებლად დამოკიდებულია სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე. თუმცა ამ ჯერზე მოსახლეობას არ გაუპროტესტებია ხსენებული განკარგულება, ამის მიზეზად (ან ხელშემშლელ ფაქტორადაც კი) შეიძლება მივიჩნიოთ საკარანტინო სიტუაცია, რომლის თანახმადაც 10-ზე მეტ ადამიანს ერთად შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ. თბილისში დასაქმებულ რუსთაველებს კი მწვავე ეკონომიკური კრიზის ფონზე დამატებით რუსთავი-თბილისის ტაქსის ხარჯიც დაემატათ. ასევე დაიხურა ყველა დაწესებულება, სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და ბანკების გამოკლებით. დახმარების საჭიროების მქონენი და მთხოვნელნი ბევრნი არიან - დახმარება კი ცოტა და არასაკმარისი. ათასობით რუსთაველი ოჯახის კითხვას თუ რას შეჭამენ ხვალ, ან როგორ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს - პასუხი ჯერაც არ გასცემია.

სამწუხაროდ, ადგილობრივ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარუდგენია, ისმის კითხვა, საერთოდაც, აქვს თუ არა მთავრობას ეს გეგმა?...



127 views0 comments

Comments


bottom of page